ტურიზმის ადმინისტრაცია სტატისტიკის წარმოებისთვის ინოვაციური პროგრამების და მეგამონაცემების გამოყენებას გეგმავს
ტურიზმის ადმინისტრაცია სტატისტიკის წარმოებისთვის ინოვაციური პროგრამების და მეგამონაცემების გამოყენებას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ესპანეთში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკის და სატელიტური ანგარიშების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. მადრიდში გამართულ მე-18 სხდომას 28 ქვეყნის, მათ შორის საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების 70 წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი გიორგი ბრეგაძე ვიცე-პრეზიდენტის რანგში დაესწრო.

სტატისტიკის და სატელიტური ანგარიშების კომიტეტის შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები მდგრადი ტურიზმის შეფასების სახელმძღვანელოს შემუშავება, ტურიზმის სატელიტური ანგარიშების შეგროვების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს პროექტირება და მეგამონაცემების (big data) ტურიზმში გამოყენების პერსპექტივები იყო. კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ესპანეთის სტატისტიკის ინსტიტუტში ესპანელ კოლეგებთან შეხვედრები გაიმართა . განსახილველი თემა საქართველოში ინოვაციური პროგრამის დანერგვის პერსპექტივა იყო, რომელიც სასტუმროებიდან მონაცემების შეგროვების დახვეწას და პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.