ტურიზმის ადმინისტრაცია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, რომელიც აზიანებს საქართველოს იმიჯს
ტურიზმის ადმინისტრაცია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, რომელიც აზიანებს საქართველოს იმიჯს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ახლახანს რუსეთიდან ტურისტებზე რაიმე სახის თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთ რუსულ ონლაინგამოცემაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომელსაც თან ერთვის 2014 წლის ვიდეოკადრები, სადაც არ ფიქსირდება არანაირი ფიზიკური აგრესია.

„შექმნილი ვითარების ფონზე მიუღებელია მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოში რუსეთიდან ტურისტებზე თავდასხმის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფილია მოქალაქეთა და უცხოელ ტურისტთა უსაფრთხოება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, რომელიც აზიანებს საქართველოს როგორც მშვიდობიანი, უსაფრთხო, ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯს.