თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ივანე ხუციშვილი დაინიშნა
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ივანე ხუციშვილი დაინიშნა

სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ივანე ხუციშვილი დაინიშნა.

„კულტურის სამინისტრო ივანე ხუციშვილს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.

„ივანე ხუციშვილმა განათლება თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, დრამის რეჟისურის მიმართულებით. ის ამჟამად ამავე უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგია.

ივანე ხუციშვილს სხვადასხვა წლებში დადგმული აქვს სპექტაკლები ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის თეატრში, მესხეთის თეატრში, „სილქ-ფაქტორი სტუდიოს“ აბრეშუმის თეატრში, თავისუფალ თეატრში, მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, სამეფო უბნის თეატრში და სხვა. რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლებს შორის არის: „ქეთო და კოტე“, „სამს პლუს სამი“, „ხედი სასტუმრო საქართველოდან“, „რა დროს შექსპირია“, „მაკბეტი“ და სხვა.

გარდა ამისა, ივანე ხუციშვილს სხვადასხვა პერიოდში დადგმული აქვს არაერთი ღონისძიება: საახალწლო გალა კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში (2019 წ.), მარიკა კვალიაშვილის შემოქმედებითი საღამო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში (2019 წ.), „რუსთავქალაქობა – 2015“ და სხვა. მის მიერ შესრულებული როლებია: პირველი მოწაფე, სპექტაკლში „სერობა“ (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორი ქ. დოლიძე), ლექსო, სპექტაკლში „ბამბაზიის სამოთხე“ (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი გ. სიხარულიძე), გაგა, სპექტაკლში „ხვალ შობაა“ (ცვლილებების თეატრი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორი. გ. სიხარულიძე) და სხვა. ივანე ხუციშვილს 2015 წელს მიღებული აქვს „საუკეთესო რეჟისურის“ ჯილდო სპექტაკლისთვის „რა დროს შექსპირია“, 2014 წელს – სპექტაკლისთვის „მაკბეტი“ გადაეცა ჯილდოები „საუკეთესო რეჟისურა“ და „საუკეთესო სპექტაკლი“, ხოლო 2011-2013 წლებში – „საუკეთესო სპექტაკლის“ ჯილდო სპექტაკლისთვის „საძაღლე“.
ინფორმაციისთვის, სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველი კონკურსი 2022 წლის 20 იანვარს გამოცხადდა, თუმცა 2022 წლის 4 თებერვალს ჩაიშალა (ვინაიდან საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არც ერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა), ხოლო მეორედ კონკურსი 2022 წლის 15 თებერვალს გამოცხადდა. თუმანიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ორი კანდიდატურა კულტურის მინისტრის მიერ განსახილველად წარედგინა სარეკომენდაციო საბჭოს, რომელმაც კენჭი უყარა ორივე კანდიდატურას და ხმათა საკმარისი რაოდენობა ივანე ხუციშვილმა მიიღო. შესაბამისად, სარეკომენდაციო საბჭომ მინისტრს დასანიშნად ივანე ხუციშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად (დებულება მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა), სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.