ვლადიმერ პუტინი - თუ აშშ რაკეტებზე ლიკვიდაციის ხელშეკრულებას დატოვებს, რუსეთი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დამატებით ზომებს მიიღებს
თუ აშშ საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ ხელშეკრულებას დატოვებს, რუსეთი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დამატებით ზომებს მიიღებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ამასთან, რუსეთის პირველმა პირმა თქვა, რომ სხვა სახელმწიფოებსაც შეუძლიათ ხელშეკრულებას შეუერთდნენ.
დეკემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა. ნატო-ს მინისტერიალზე სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თუ რუსეთი 60 დღის განმავლობაში აღნიშნულ ხელშეკრულებას არ შეასრულებს, ვაშინგტონი დოკუმენტს გამოეთიშება.
ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმაც.
ხელშეკრულება, რომელიც მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციას ითვალისწინებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა.