თსუ-ში წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ათონი-პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი 2004 წელს ათონის მთაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ვიზიტს ასახავს, რომლის ფარგლებშიც მან ასევე მოინახულა დიდი ლავრისა და ქსეროპოტამის მონასტრები.

აღნიშნული ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან ილია მეორე არის პირველი ქართველი პატრიარქი, რომელიც ათონის მთას ეწვია და ივერონის მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოილოცა.

წიგნი „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის ავტორობით, ფოტოალბომის სახით არის გამოცემული.

ჭუმბურიძე 2003-2007 წლებში საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, ამიტომაც „ათონი-პატრიარქის გაზაფხული“ ილია მეორის ვიზიტის შესახებ ყოფილი ელჩის პირად მოგონებებსაც აერთიანებს.

თსუ-ს პირველ კორპუსში წიგნის პრეზენტაციას განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ათონის მთას ქრისტიანულ მართლმადიდებლურ რელიგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ივერიის ქართველთა მონასტერი მე-10 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით ქართული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი იყო, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ევროპულ კულტურასა და ღირებულებებთან კიდევ უფრო დააახლოვა.

ივერონის მონასტერში უნიკალური საცავი არსებობს, რომელშიც ასობით იშვიათი ხელნაწერი და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლი ინახება.