თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა
თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა

ასზე მეტი მეცნიერი საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან და უნივერსიტეტიდან ესწრება მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ენათმეცნიერების, ლიტერატურის, ფოლკლორის, ისტორიის, კულტურის კვლევების და სხვა სამეცნიერო სექციები, ასევე, მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.

კონფერენციის მონაწილეებს თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და წარმატებები უსურვა.

თსუ-სთვის დიდი პატივია ამ საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა. ტრადიციულად, თსუ იყო ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა აფხაზური და ოსური ენების შესწავლას და მათზე ზრუნვას. ერთ-ერთი პირველი ბრძანება, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა, როგორც უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა, ეხებოდა აფხაზური და ოსური ენების გაძლიერებას. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო კონფერენცია უკვე ჩვეულ რეჟიმში გაიმართება“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„კონფერენცია კიდევ ერთი დასტურია ჩვენი მზაობისა, რომ სამეცნიერო-კვლევითი და საგანამანათლებლო მიმართულებით ხელს ვუწვდით ოს კოლეგებს და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ სურვილს, ვითანამშრომლოთ საერთო სამეცნიერო პროექტების ერთად განხორციელებაში, ასევე კულტურული ღონისძიებების, კონფერენციების დაგეგმვაში. დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონფერენცია თავის წვლილს შეიტანს ამ ორი ერის ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებაში,“- აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.

თსუ რექტორის მოადგილის, ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, „მსგავსი შინაარსის კონფერენცია აუცილებელია არა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მასში ჩართული არიან მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.“

კონფერენციაზე, რომელიც შერეული ფორმატით მიმდინარეობს, მოხსენებებს წაიკითხავენ მეცნიერები ჩრდილოეთ კავკასიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, შვედეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვ.

კორონავირუსის საფრთხეებთან დაკავშირებით კონფერენცია იმართება შერეულ ფორმატში და მისი მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

„ქართულ-ოსური ურთიერთობები ჰარმონიულად და ტრადიციულად ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ამ მეგობარი ხალხების გათიშვის ფონზე განათლებისა და კულტურის გზა, ყველაზე უფრო პერსპექტიული ინიციატივა აღმოჩნდა და არ არის გასაკვირი, რომ კონფერენციაზე საქართველოს უნივერსიტეტების წარმმომადგენლებთან ერთად მონაწილეები ჩამოვიდნენ სამხრეთ კავკასიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. კონფერენციაზე დასასწრებლად, ბევრმა ისეთი ბარიერი გადალახა, რომ შეიძლება სათავგადასავლო მემუარებიც კი დაიწეროს,“- აღნიშნა თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ნაირა ბეპიევმა.