თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები” გაიხსნა
თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები” გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი – ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები” გაიხსნა.

კონფერენციაში, რომელიც ქართული ღვინისა და ვაზის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და ბიოტექნოლოგიურ კვლევებს მიეძღვნა, მონაწილობენ უცხოელი და ქართველი მეცნიერები, მკვლევარები, სტუდენტები, სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრების, დარგის მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებული დარგის სპეციალისტები.

კონფერენციაზე მევენახეობასა და მეღვინეობაში განხორციელებული საერთაშორისო კვლევების შედეგები იქნება წარმოდგენილი. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია – ღვინისა და ვაზის შესახებ ქართული მეცნიერების კვლევის მასშტაბების გაფართოება, ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო აღიარება.

ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებიან. პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ეროვნული ფონდის მიერ, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკონფერენციო გრანტების ფარგლებში ფინანსდება. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი