თსუ-ში გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: 1918-1921“ გაიხსნა
თსუ-ში გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: 1918-1921“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: 1918-1921“ გაიხსნა. გამოფენა ორ ნაწილადაა წარმოდგენილი. უნივერსიტეტის ცენტრალურ ფოიეში გამოფენილია 1918-1921 წლებში მიმდინარე განათლების რეფორმის შესახებ დოკუმენტები და ფოტომასალა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დაარსებულ სკოლათა სიები, ცნობილ პირთა მასწავლებლად დანიშვნის ბრძანებები, წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ გაგზავნის პროგრამის მასალები, დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული დამოკიდებულების ამსახველი დოკუმენტები.

თსუ-ს მუზეუმის საგამოფენო დარბაზში კი გამოფენილია ისეთი უნიკალური მასალები და ექსპონატები, როგორიცაა: სახელმწიფო ატრიბუტიკა, სახელმწიფო ბეჭდებისა და ლუქების ნიმუშები, დემოკრატიული მთავრობისა და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის მიმოწერები, საქართველოს კონსტიტუცია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, პირველი დემოკრატიული მთავრობის ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ემიგრაციაში წასული მთავრობის წევრების, საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტური მასალები.

ღონისძიებაზე ვლადიმერ ვოიტინსკის წიგნის „ქართული დემოკრატიის“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაც გაიმართა. წიგნი 1921 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოიცა. გამოცემა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სრულყოფილ ნაშრომს წარმოადგენს.