თსუ-ში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა
თსუ-ში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დაფუძნების თაობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უნივერსიტეტის რექტორმა, გია შარვაშიძემ და ევროპის აკადემიის პრეზიდენტმა, სირდ ქლოეთინგიმ მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც დაესწრო.

თსუ-ს ინფორმაციით, ევროპული აკადემიის (Academia Europaea) რეგიონული ცენტრის გახსნა საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და აკადემიური საკითხია, რადგან ცენტრი დაეხმარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში და ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლაში.

ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, თსუ-ში შედგება ევროპული აკადემიის ცენტრალური მმართველობის, ევროპული რეგიონული ჰაბებისა და სამეცნიერო საბჭოს წევრების საქმიანი ვიზიტი. ცენტრი ეცდება, განავითაროს და განავრცოს სამეცნიერო კვლევისა და აკადემიური ცოდნის უმაღლესი ხარისხის სტანდარტები მეცნიერების ყველა დარგში.

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენს „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრების ქსელის ნაწილს და ხელს შეუწყობს მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული მიღწევების გამოყენებას ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის წარმოებისთვის, საერთაშორისო სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ცოდნისა და განათლების წახალისებისთვის. თბილისის ცენტრი მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ევროპული აკადემიისა (Academia Europea) და თსუ-ს ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი მხარდაჭერით გაიხსნა. თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება „აკადემია ევროპეას“ მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში გასულ წელს ყოველწლიურ შეკრებაზე მიიღეს.