თსუ-ს სტუდენტების ჯგუფი - მშვიდობიან სტუდენტებს გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები პირადად მიხეილ ჩხენკელის მიმართ და მოვითხოვთ, შეგვხვდეს
თსუ-ს სტუდენტების ჯგუფი - მშვიდობიან სტუდენტებს გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები პირადად მიხეილ ჩხენკელის მიმართ და მოვითხოვთ, შეგვხვდეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განათლების მინისტრს მიმართავს. მათი განცხადებით, მიხეილ ჩხენკელთან ლეგიტიმური კითხვები აქვთ და მოითხოვენ, რომ მინისტრი მათ 13 ივნისს, პირად კაბინეტში შეხვდეს.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თსუ-ს სტუდენტების ჯგუფმა უნივერსიტეტის შენობასთან გააკეთა.

მათი განცხადებით, გუშინდელმა მოვლენებმა ცხადად წარმოაჩინა, რომ ძალადობრივი მეთოდებით პროტესტის გამოხატვა აზიანებს, როგორც პროტესტის მონაწილეების, ასევე, საერთო საუნივერსიტეტო მიზნებს.

„უნივერსიტეტში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით გვინდა ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსიროთ, რომ ვემიჯნებით გუშინ მომხდარ ძალადობის ფაქტს, რომელიც მიმართული იყო უნივერსიტეტის ინსტიტუციების, დამსახურებული პროფესურის და დაცვის სამსახურის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. ძალადობრივი ქმედებების გამო სამწუხაროდ, საჭირო გახდა მათი ჰოსპიტალიზება. ძალადობა არასოდეს არაა გამოსავალი და მას გამართლება არ აქვს. მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავდა უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომელი“, – განაცხადეს სტუდენტებმა.

მათივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ ძალადობრივი ქმედებების ორკესტრირებას უზრუნველყოფდნენ ახალგაზრდები, რომელთა უმრავლესობა საერთოდ არ წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებას.

„გუშინდელმა მოვლენებმა ცხადად წარმოაჩინა, რომ ძალადობრივი მეთოდებით პროტესტის გამოხატვა აზიანებს, როგორც პროტესტის მონაწილეების, ასევე, საერთო საუნივერსიტეტო მიზნებს. ყველასათვის ცნობილი მოვლენების შემდეგ შეილახა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც წარმატებული და რეგიონში გამორჩეული სასწავლო დაწესებულების რეპუტაცია. განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ ძალადობრივი ქმედებების ორკესტრირებას უზრუნველყოფდნენ ახალგაზრდები, რომელთა უმრავლესობა საერთოდ არ წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებას. პროცესების ამგვარმა მიუღებელმა განვითარებამ ცხადყო, რომ გარეშე პირების ინტერესები, არა სტუდენტთა უფლებების დაცვა, არამედ უნივერსიტეტის საქმიანობაში უხეში ჩარევა, საუნივერსიტეტო საზოგადოების დაპირისპირება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუქცევადი და ქაოსური პროცესების გამოწვევაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც თსუ-ს სტუდენტების ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებები ხშირად ახალისებდა უნივერსიტეტში მიმდინარე მარგინალური სიტუაციის განვითარებას.

„განათლების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც თავადაც გახლდათ საუნივერსიტეტო საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, დღეს ხელს უწყობს უნივერსიტეტის სიტუაციის გამწვავებას. სამინისტრო, რომლის კომპეტენციაცაა სტუდენტური პროტესტის ყველაზე მასშტაბური ნაწილის – საერთო საცხოვრებლების მშენებლობა, ფაქტობრივად, ცდილობს, საკუთარი მასშტაბური პასუხისმგებლობის ისრები მხოლოდ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიმართოს. სამინისტრო, რომელიც უნდა ცდილობდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესის მშვიდ და აკადემიურ მართვას, დღეს თავს არიდებს უნივერსიტეტში არსებული ძალადობის დაგმობას და შესაბამისად, ჩნდება კითხვა, სად არის მისი პასუხისმგებლობა? არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნივერსიტეტში მყოფ მშვიდობიან სტუდენტებს გვიჩნდება ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვები პირადად განათლების მინისტრის, ბატონი მიხეილ ჩხენკელის მიმართ და მოვითხოვთ, ორშაბათს განათლების სამინისტროში ბატონი მინისტრი მის პირად კაბინეტში შეგვხვდეს სტუდენტებს და პასუხი გასცეს იმ შეკითხვებს, რომელიც სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას პირადად მის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტროს მიმართ უჩნდებათ.

უნივერსიტეტის სტუდენტები ვთავაზობთ თსუ-ში არსებულ ყველა სტუდენტს და ახალგაზრდულ ორგანიზაციას უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური პრობლემატიკის მოსაგვარებლად გაერთიანებისაკენ. მნიშნველოვანია, ძალადობის, აგრესიისა და ექსცესების გარეშე მოვითხოვოთ სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მშენებლობა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სტუდენტების წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების აღმოფხვრაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური ჩართულობა. ცხადია, რომ სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია მეტი საუნივერსიტეტო დაფინანსება, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური  განვითარება და თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის შექმნა.

ჩვენ კიდევ ერთხელ მკვეთრად ვაფიქსირებთ, რომ მკაცრად ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობის და აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც ხელს უშლის სტუდენტური პრობლემატიკის მოგვარებას, ზიანს აყენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპუტაციას და ხელს უწყობს უნივერსიტეტში დესტაბილიზაციის შემოტანას. ჩვენი მიზანია ყოველგვარი ექსცესების გარეშე დავიცვათ ერთის მხრივ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტის, პროფესორის და ადმინისტრაციის წარმომადგენლის უფლებები, პირადი გამორჩენის და სხვა მიუღებელი მოტივის მქონე პიროვნებების პროვოკაციებისაგან და მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტის აკადემიურ და მმართველობით ავტონომიურობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი