თსუ-ს შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები, ოსური და ქართულ-ოსური ოჯახების წარმომადგენლები ეწვივნენ
თსუ-ს შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები, ოსური და ქართულ-ოსური ოჯახების წარმომადგენლები ეწვივნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები, ოსური და ქართულ-ოსური ოჯახების წარმომადგენლები ეწვივნენ.

თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევმა ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო ლექცია „ქართულ-ოსური ურთიერთობები: ისტორია და თანამედროვეობა“ წაიკითხა.

„კარგია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ის რეგიონია წარმოდგენილი, სადაც ყველაზე დიდი განცდაა ოსურ-ქართული ურთიერთობებისა. ის ნარატივი, რომ დღეს სწორედ ახალგაზრდები ესწრებიან ლექციას, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ერისა და ჩვენი ხალხის სამომავლო ურთიერთობისთვის“, – აღნიშნა ნაირა ბეპიევმა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გორის საზოგადოება „ბილიკის“ ინიციატივით გაიმართა.

„შიდა ქართლში დღესაც ცხოვრობენ ქართველები და ოსები ერთ თემში, მისდევენ ძველ ტრადიციებს, ქმნიან ქართულ-ოსურ ოჯახებს, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. დღევანდელი საჯარო ლექციის საშუალებით ახალგაზრდებმა საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს იმ ადამიანებისგან, ვინც ქართულ-ოსურ ურთიერთობებსა და ტრადიციებს კარგად იცნობს“, – განაცხადა გორის საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღვანელმა, ლია გორელიშვილმა.

თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ქართულ-ოსური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით სისტემატურად აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.