თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ერთი კანდიდატის, ჯაბა სამუშიას განაცხადი შევიდა
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ერთი კანდიდატის, ჯაბა სამუშიას განაცხადი შევიდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა.

თსუ-ს ადმინისტრაციის განცხადებით, რექტორის მივალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის საბუთები მხოლოდ ერთმა პირმა შეიტანა.

„18:00 საათზე დასრულდა განაცხადების მიღების პროცესი. განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ ერთმა ადამიანმა, თსუ-ს პროფესორმა ჯაბა სამუშიამ. ამ ეტაპზე კომისია იმსჯელებს საბუთების დასაშვებობასთან დაკავშირებით. თუ რაიმე ხარვეზი არ არის საბუთებში, 20ოქტომბერს დაინიშნება აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც დამტკიცდება დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის მხრიდან 20 ოქტომბრამდე გვეცოდინება, საბუთების კუთხით რაიმე ხარვეზი ხომ არ არის. თუ არ არის, 20 ოქტომბერს გავიგებთ შედეგებს. მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს რექტორის მოვალეობას. შემდეგ აკადემიური საბჭო გადაწყვეტს თარიღს, როდის ჩაინიშნება უშუალოდ რექტორის არჩევნები. მოხდება განაცხადების მიღება, კომისიის მხრიდან დასაშვებობის განსაზღვრა და შემდეგ სრულფასოვანი ვადით აირჩევა რექტორი. რაც შეეხება გია შარვაშიძეს, ის 15 ოქტომბრის ჩათვლით რჩება თანამდებობაზე“, – განაცხადა თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი კაკაურიძემ.

თსუ-ს რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს საკუთარი განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა და გადადგომა მოითხოვა.