თსუ-ს მაღლივ კორპუსთან მიხეილ შავიშვილის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა
თსუ-ს მაღლივ კორპუსთან მიხეილ შავიშვილის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსთან, მიხეილ შავიშვილის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანია „ემ კვადრატი“ კორპუსის აშენებას სარეკრეაციო ზონაში გეგმავს.

ადგილობრივების თქმით, ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების შემთხვევაში კიდევ ერთი მწვანე ადგილი დაიკარგება.

მოქალაქეების განცხადებით, პროექტი მერიაშია შეტანილი და ტერიტორიისთვის
ზონალური ცვლილების შემთხვევაში კომპანია ადგილზე ოთხი კორპუსის მშენებლობას დაიწყებს.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი მთავრობისგან ითხოვენ, აღნიშნულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუნარჩუნდეს და კომპანია „ემ კვადრატს“ კორპუსების მშენებლობის უფლება არ მიეცეს.

აქციის მონაწილეებს პასუხობს კომპანია „ემ კვადრატი“. როგორც სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შორენა დარჩიაშვილი ამბობს, ობიექტები მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 20 პროცენტზე გათავსდება.

მისი განმარტებით, გამწვანებული ზონით, რაც ტერიტორიის 50%-ი იქნება, მოსახლეობა ისევ ისარგებლებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ არსებული პროექტით ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებიც დაირგვება და მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში იქ არსებული ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლებაც დაიწყება.