თსუ-ს მაღლივ კორპუსთან 3000 სტუდენტზე გათვლილი ქალაქი აშენდება
თსუ-ს მაღლივ კორპუსთან 3000 სტუდენტზე გათვლილი ქალაქი აშენდება

თბილისში 3000 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი აშენდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტუდენტური ქალაქის პროექტზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის და ახლო მომავალში კამპუსში 3000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ცხოვრებისა და დასვენებისთვის ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება.

სტუდენტურ ქალაქში ცხოვრება სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლებათ.

თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, 3000-ვე ადგილზე მოთხოვნა არ არის და მათი გადანაწილება სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზეც იქნება შესაძლებელი.

პროექტი ითვალისწინებს, როგორც საერთო და ინდივიდუალურ  ოთახებს, ასევე ცენტრალურ და საერთო სამზარეულოებს, რეკრეაციულ და სოციალურ სივრცეებს, ბიბლიოთეკებს, სპორტულ  დარბაზებს, აუზებსა და მოედნებს. კამპუსს 24 საათიანი დაცვისა და დასუფთავების სამსახურები მოემსახურება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გასულ წელს გამოაცხადა, რითიც რამდენიმე ინვესტორი უკვე დაინტერესდა. გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად შესაბამისი პროცედურები 2019 წელს დაიწყება.