თსუ-ის სტუდენტებმა კორონავირუსის შესახებ დისტანციურად მომზადებული პირველი ჟურნალი გამოაქვეყნეს
თსუ-ის სტუდენტებმა კორონავირუსის შესახებ დისტანციურად მომზადებული პირველი ჟურნალი გამოაქვეყნეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტებმა ონლაინ სწავლების ფარგლებში კორონავირუსის შესახებ პირველი ჟურნალი – „გზავნილი ერთმანეთისთვის“ გამოაქვეყნეს.

ჟურნალი შედგება ხუთი რუბრიკისაგან: „ცხოვრება პანდემიაში“, „ქალები თვითიზოლაციიდან“, „თაობა“, „არქივი“, „ხელოვნება“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ახალ „გზავნილში“ მოცემულია ინტერვიუ პაატა იმნაძესთან, ნათია ფანჯიკიძესთან, ნინო თოფურიასთან, გიულგუნ მამეთხანოვასთან და სხვებთან.

აქვე, მკითხველი შეხვდება ემიგრანტების გზავნილებსა და პანდემიის შემდგომ ცხოვრებაზ ცნობილ ადამიანთა მოსაზრებებს.

პროექტის ხელმძღვანელი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე აღნიშნავს, რომ ონლაინ სწავლებისა და დისტანციური მუშაობის სირთულეების მიუხედავად, ჟურნალზე და პროექტზე მუშაობა არ შეფერხებულა.

„ონლაინ სწავლების დაწყებისთანავე დავგეგმეთ, რომ ჟურნალი აუცილებლად შეიქმნებოდა და საყოველთაო იზოლაციის პირობებში იმ უნარ–ჩვევებს მაინც შევიძენდით, რაც ჟურნალის მომზადებს სჭირდებოდა – რესპონდენტებთან მუშაობა, კითხვების ფორმულირება, ჟურნალის დაკაბადონების სპეციფიკა და ა.შ. ონლაინ ნიუსრუმებზე ვიხილავდით გეგმას, ვარჩევდით რეპონდენტებს, ვცვლიდით თემებს, ვითვალისწინებდით, რისი მაქსიმუმი შეგვეძლო გაგვეკეთებინა დისტანციურ რეჟიმში. არ დაგვავიწყდეს, რომ რედაქცია მთელ საქართველოშია გაფანტული და ყველა საკუთარი სახლიდან მუშაობდა. მიხარია, რომ ჯგუფმა, რომელსაც ამ სემესტრში მოუწია „ბეჭდურის პრაქტიკუმის“ არჩევა, საბოლოოდ ჟურნლის გამოცემა შეძლო. ამისთვის მათ დასჭირდათ მონდომება და მიზნისკენ ჯიუტად სვლა, რაც ჟურნალისტისთვის შეუფასებელი თვისებებია“, – აღნიშნა მაია ტორაძემ.

სტუდენტური ჟურნალის მთავარი რედაქტორი ნინო ჭყოიძეა, ხოლო ნომრის რედაქტორი – ნათია მიხელიძე.

სტუდენტებმა, ხელმძღვანელთან ერთად, სრულფასოვანი რედაქცია შექმნეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტტეში განმარტავენ, რომ სემესტრის ბოლოს მეორე, უფრო ვრცელი ნომრის გამოშვებაც იგეგმება.

„რედაქციაში, თავდაპირველად, გაურკვევლობა და შიში იგრძნობოდა. არავინ ვიცოდით, რა და როგორი გამოგვივიდოდა, თუმცა ერთმანეთის გვჯეროდა და ალბათ ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა. მუშაობა რთული, მაგრამ საინტერესო და სამუდამოდ სამახსოვრო იყო. ჩვენ შევქმენით „ჟურნალი“ ამბად – ადამიანებმა ადამიანებზე და ადამიანებისთვის“, – აცხადებს ნათია მიხელიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტტეის ინფორმაციით, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტური ჟურნალი „გზავნილი“ 2013 წლიდან გამოიცემა და ეს არის ბეჭდური მედიის ფარგლებში მომზადებული და განხორციელებული სტუდენტური პროექტი, რომელიც სტუდენტების რეგიონებში ჩასვლას, ამ რეგიონებიდან მოსახლეობის მთავარი გზავნილის წამოღებას ემსახურება.

„დღემდე თსუ-ის სტუდენტებმა საქართველოს 28 რაიონი მოიარეს და ამდენივე ჟურნალი მოამზადეს, მათ შორის, 14 – ბეჭდური სახით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გზავნილი მომზადდა დისტანციურად და არის სპეციალური გამოშვება არსებული ვითარებიდან გამომდინარე“, – განმარტავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ჟურნალის ელექტრონულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ გზავნილის ფეისბუქ გვერდზე: https://bit.ly/2WcUyOC