თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემას აღადგენს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემას აღადგენს.

ლიტერატურული ალმანახი ტრადიციულად ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, იგი წელიწადში ერთხელ გამოიცემა და თსუ-ს სტამბაში დაიბეჭდება.

აღდგენილი ალმანახი მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება, მასში საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ახალგაზრდა პოეტებს, პროზაიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებსაც შეეძლებათ.

ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, ალმანახის ფურცლებიდან გააცნონ მკითხველს საკუთარი შემოქმედება.

როგორც თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა,  ალმანახი ლიტერატურისთვის, მწერლობისთვის, კრიტიკისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საზოგადოებამ ქართული ლიტერატურის ბევრი ცნობილი სახე „პირველ სხივიდან“ გაიცნო.

პოეტ დავით მაღრაძის თქმით კი, ბევრი თაობის სტუდენტობა სწორედ „პირველ სხივთან“ არის დაკავშირებული.

„პირველ სხივთან“ არის დაკავშირებული ჩვენი მოლოდინი, პირველი ნაცოდვილარი რომ უნდა გამოქვეყნებულიყო, გვენახა და დაენახა საზოგადოებას. ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს უნივერსიტეტში დამეგობრებული ადამიანები“, – აღნიშნა პოეტმა, დავით მაღრაძემ.

„პირველი სხივის“ პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. ინიციატორი უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორი ნიკო კეცხოველი იყო.