თსუ - 19 ოქტომბრიდან თეორიული კურსები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კურსები კი ჩატარდება სააუდიტორიო ფორმატში
თსუ - 19 ოქტომბრიდან თეორიული კურსები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კურსები კი ჩატარდება სააუდიტორიო ფორმატში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეორიული კურსები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კურსები კი ჩატარდება არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.

„საჭიროების შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია პრაქტიკული კომპონენტი გაცილებით უსაფრთხო პერიოდში დაიგეგმოს. პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილი და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია სტუდენტებს ეცნობებათ დამატებით.

უნივერსიტეტი ითვალისწინებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.

გადაწყვეტილება მიღებულია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის მთავარი გარემოებაა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დიდი საჯარო დაწესებულება, სადაც 22 ათასი სტუდენტი სწავლობს და 5000-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მუშაობს. მხოლოდ მიმდინარე სემესტრში იკითხება 2813 სასწავლო კურსი“,- აღნიშნულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.