ცესკო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება
ცესკო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. მეორე ტური ერთ თვითმმართველ ქალაქსა და 5 თვითმმართველ თემში 12 ნოემბერს გაიმართება. ქუთაისში აირჩევენ თვითმმართველი ქალაქის მერს, ხოლო ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში თვითმმართველი თემის მერებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 6 მაჟორიტარულ ოლქში, 12 ნოემბერს დილის რვა საათიდან გაიხსნება 317 საარჩევნო უბანი, აქედან ერთი უბანი გამონაკლის შემთხვევაშია შექმნილი. უკვე დაბეჭდილია 299 540 ბიულეტენი და მათი გადანაწილება საარჩევნო უბნებზე კანონმდებლობის თანახმად მოხდება.
„ამომრჩეველს არჩევნების დღეს გადაეცემა ერთი ბიულეტენი, ეს არის მერის ასარჩევი ბიულეტენი. კანდიდატი იქნება ორი. იქედან გამომდინარე, რომ პირველ ტურში ვერცერთი გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა ამ უბნებში, ამ შემთხვევაში ბიულეტენზე იქნება ის ორი კანდიდატი, რომლებმაც ხმების უმრავლესობა მიიღეს”, – განმარტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მოხვდნენ.

ანა მიქელაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მათი კანდიდატების მონაცემები საარჩევნო ბიულეტენზე მაინც იქნება დატანილი, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნის ვადა გასულია.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციიდან მოხსნის ვადა უკვე გასულია, შესაბამისად ამ კანდიდატის მონაცემები იქნება შესული ბიულეტენში, გამარჯვებული დასახელდა იმის მიხედვით, თუ რომელი დააგროვებს ხმების უფრო მეტ რაოდენობას და ამ შემთხვევაში თუკი გამარჯვებული იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მას ექნება უფლებამოსილება, რომ იყოს კონკრეტული საარჩევნო ოლქში მერი, ამ შემთხვევაში ამის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატი, შეასრულებს თუ არა უფლებამოსილებას, ეს თავად კანდიდატის გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

აქედან გამომდინარე, 12 ნოემბერს ქუთაისში გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, “ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის.

ანალოგიურად “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ მამუკა დანელიასა და “ქართული ოცნებიდან” ალექსანდრე გრიგალავას შორის შედგება მეორე ტური მარტვილში.

რაც შეეხება ხაშურს, ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” კანდიდატის გიორგი გურაპაშვილის კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძეა.

დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იბრძოლებს ოზურგეთში “ქართული ოცნების” კანდიდატის ბეგლარ სიორიძის წინააღმდეგ.

ბორჯომში მეორე ტურში თვითმმართველი თემის მერის სტატუსის მოპოვებას “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან ლიპარტია და “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე ეცდებიან.

რაც შეეხება ყაზბეგს, აქ მეორე ტური “ქართული ოცნების” კანდიდატს ალექსანდრე ზაგაშვილსა და “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” კანდიდატს სანდრო ყამარაულს შორის შედგება.
პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში საარჩევნო ბარიერი აღარ არსებობს და გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს.

 

ავტორი: თამარ წიკლაური