თრუსოს ხეობასთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებულის დედა - პოლიციაში მაიმედებენ, რომ ახალგაზრდები უსაფრთხოდ არიან
თრუსოს ხეობასთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებულის დედა - პოლიციაში მაიმედებენ, რომ ახალგაზრდები უსაფრთხოდ არიან

თრუსოს ხეობასთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ერთ-ერთი ახალგაზრდის, ბექა მაღრაძის დედა მანანა კიკვაძე გორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოში იმყოფებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამმართველოს ხელმძღვანელობას ესაუბრა, სადაც დააიმედეს, რომ ახალგაზრდები უსაფრთხოდ არიან. თუმცა, გათავისუფლების თარიღი, მისთვის უცნობია.

მისი თქმით, მოლაშქრეები თრუსოს ხეობაში პარასკევს წავიდნენ და რამდენიმე დღეა, მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

„პარასკევს წავიდნენ თრუსოს ხეობაში. რამდენიმე დღეა, ტელეფონზე არ მპასუხობს, არანაირი კავშირი არ მაქვს. გუშინ მცხეთის პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილი დაკავებულია. ამის მეტი არაფერი ვიცით. ახლა ვესაუბრე შიდა ქართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, უფროსს და მის მოადგილე კობა ცერცვაძეს. მან დაგვაიმედა, რომ ყველაფერი წესრიგშია და ბავშვები არიან უსაფრთხოდ, მათ არაფერი დაუშავდებათო. არ გვაქვს სხვა არანაირი ინფორმაცია. ზუსტად გათავისუფლების დროს არ გვეუბნებიან. გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი და აქ ველოდები მოვლენების განვითარებას”- განაცხადა მანანა კიკვაძემ.

თრუსოს ხეობაში დაკარგული ხუთი მოლაშქრე რუსმა სამხედროებმა დააკავეს. მოლაშქრეებთან კავშირი ორი დღის წინ გაწყდა. მოლაშქრეების დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი თქმით, აღნიშნული პირები დაკავებული არიან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.