ტროპიკული შტორმის შედეგად პრიმორსკის რეგიონიდან 2 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
ტროპიკული შტორმის შედეგად პრიმორსკის რეგიონიდან 2 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ტროპიკული შტორმის შედეგად პრიმორსკის რეგიონიდან 2 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

„პრიმორიეში 2 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 405 ბავშვი ევაკუირებულია“, – იტყობინება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ოფიციალურ ტელეგრამარხზე.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაიტბორა 4 368 საცხოვრებელი კორპუსი, 5 654 საყოფაცხოვრებო ნაკვეთი, გარე სამყაროს მოსწყდა 28 დასახლება.

რეგიონის ტერიტორიაზე განთავსდა 13 დროებითი დასახლების ცენტრი, რომელშიც 550-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ თავის ტელეგრამარხზე განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი „კოორდინაციას გაუწევს სამუშაოებს წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად“.

გავრცელებული ცნობით, წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში სულ 653 ადამიანი და 205 ერთეული ტექნიკაა ჩართული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ძლიერმა წვიმამ მდინარეებში წყლის დონის მომატება და რუსეთის ბევრ რაიონში წყალდიდობა გამოიწვია. უსურიისკის ურბანული ოლქი და სპასკ-დალნი სტიქიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული ტერიტორია გახდა. პრიმორსკის მხარის 21 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა.