გელზერკირხენის „შალკესა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სიუჟეტივით განვითარდა და ჰოლივუდური სცენარით დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი „მანჩესტერ სიტი“ გერმანელებთან მატჩში სწრაფად დაწინაურდა. ანგარიში მე-11 წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ ინგლისელებს თამაშის სადავეები ხელიდან გაექცათ რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს. 39-ე და 45-ე წუთებზე სიტის კარში ორი პენალტი დაინიშნა. 11 მეტრიანი დარტყმების შესრულება საკუთარ თავზე ნაბილ ბენთალებმა აიღო და შანსები გამოიყენა. „შალკემ“ ტაიმი ანგარიშით 2:1 მოიგო.
68-ე წუთზე ინგლისელების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მსაჯმა მოედნიდან სიტის ცენტრალური მცველი, ნიკოლას ოტამენდი გააძევა. კაცნაკლულმა სტუმრებმა ურთულესი სიტუაციიდან გამოსვლა და თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხეს. 85-ე წუთზე ყოფილ გუნდს შეცვლაზე შესულმა – ლეროი სანემ გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის 90 წუთზე თავის გამოჩენა რაჰიმ სტერლინგმაც მოახერხა და „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად 3:2 მოიგო