ტრავმის შემდეგ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა ვარჯიში დაიწყო (ვიდეო)

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ვარჯიში დაიწყო. წლების განმავლობაში 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის პირველი ნომერი ტატამზე ბოლოს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, სადაც მხოლოდ გუნდურ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. ტრავმა კი, რომელმაც ასე გააწვალა, თებერვალში, გერმანიაში მიიღო და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპონატის შემდეგ რთული ოპერაციის გაკეთებაც მოუწია.

უკვე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადასული ჭრიკიშვილი ჯერჯერობით მსუბუქად ვარჯიშობს და წინასწარი ინფორმაციით, სრული რეაბილიტაციისთვის კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

26-29 აპრილს თელ-ავივში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იგი მზად იქნება. ასევე, დიდი შანსია, რომ თებერვალში პარიზში გასამართ გრანდ სლემსა და მარტში თბილისის დიდ პრიზზეც ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართელოს ნაკრებში დიდი კონკურენციაა. ჭრიკიშვილთან ერთად, ამ წონაში მსოფლიოს მოქმედი პრიზიორი უშანგი მარგიანი და რამდენიმე დღის წინ დასრულებული წლის შემაჯამებელი ტურნირის – სანქტ-პეტერბურგის მასტერსის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი ასპარეზობენ.