ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ახალქალაქის ინციდენტის დროს დაშავებულების გამოკითხვა მიმდინარეობს
ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულების გამოკითხვა მიმდინარეობს.
ადვოკატ მაია მუმლაძის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორი გუშინ გამოიკითხა და შსს-ს უკვე აქვს ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე პირების შესახებ.
„გუშინ დაიკითხა ორი დაზარალებული. რაც შეეხება დანარჩენ ორს, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან გაგრძელდა პროცესი და დასრულდა თითქმის 23:30 საათზე, გუშინ საგამოძიებო მოქმედების დაწყება აღარ იყო მიზანშეწონილი და დღეისთვის გადაიდო. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საგამოძიებო უწყებას ორმა დაზარალებულმა მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, მათ შორის თავდამსხმელი პირების ვინაობის შესახებ. შეიძლება ითქვას, შსს-სთვის უკვე დიდი ხანია, თავდასხმის მომენტიდანვე ცნობილია თავდამსხმელი პირების ვინაობა, დანაშაულის მოტივი, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე არც ერთი პირი დაკავებული არ არის“, – განაცხდა მაია მუმლაძემ.
კიდევ ერთი ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის თქმით, ქმედებები, რომელიც დაზარალებულთა მიმართ განხორციელდა, არ არის სათანადოდ შეფასებული.
„გუშინდელი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გამოძიებას მიაწოდეს დაშავებულებმა და სასტიკად ნაცემებმა, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს იარაღის უკანონო ტარება-შენახვა და მისი გამოყენება ფიზიკური დაზიანების მიზნით. დადგენილ იქნა, რომ ახალქალაქში არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ემორჩილება პარლამენტის წევრს და პარლამენტარის ძმა არის უშუალო პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს ამ ჯგუფის მოქმედებას. შესაბამისად, ესეც შესაფასებელია. გარდა ამისა, თითოეული ქმედება, რომელიც განხორციელდა, განპირობებული იყო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ აქტივისტებს ახალქალაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაშიც ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანს ადანაშაულებდნენ.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანის ძმა მარტინ მკოიანიმა გაავრცელა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.
ამასთან, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა ენზელ მკოიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის წევრის თქმით, ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში 29 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო.