ტრასეკა-ს გენერალური მდივანი - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზეა
ტრასეკა-ს გენერალური მდივანი - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზეა

საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზეა, – ამის შესახებ ტრასეკა-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) სამდივნოს გენერალურმა მდივანმა, მირჩა ჩიოპრაგამ განაცხადა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.

მისივე თქმით, ფორუმი ბიზნესს ეხმარება პროდუქციის ადვილი ტრანზიტის უზრუნველყოფაში.

„ფორუმი მნიშვნელოვანია ტრასეკასთვის, ჩინეთსა და ევროპას შორის ურთიერთ დაკავშირებისთვის. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის ბევრი ტრანსპორტიორის და ბიზნესმენის მთავარი ამოცანა ვინც აქ ჩამოდის, რომ შეიკრიბოს და განსაზღვროს საუკეთესო გადაწყვეტა ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროში საქართველოს უნიკალურ პოზიციასთან დაკავშირებით. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზეა. ეს ფორუმი ეხმარება ბიზნესს, უზრუნველყოს პროდუქტის ადვილი ტრანზიტი ბიზნესის საკეთებლად და ქვეყნის პროგრესისთვის“,- განაცხადა ტრასეკა-ს სამდივნოს გენერალურმა მდივანმა.

ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი დავით აფციაური ამბობს, რომ ბიზნესფორუმი ცნობილი მოვლენაა არამარტო რეგიონში, არამედ საერთაშორისო ცხოვრებაში. მისივე თქმით, ფორუმი მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პრობლემებზე ანალიზის შეჯერებისთვის.

„ფორუმი თავისი მასშტაბით სულ უფრო და უფრო იზრდება. ფართოვდება თვითონ თემატიკაც. განხილვის საგნად ჩვენ გვექნება ისეთი საკითხები, როგორიც არის – ვაჭრობა, ვაჭრობის განვითარება, ინვესტიციების გაფართოება საქართველოში და მთლიანად რეგიონში, როგორიც არის ინფრასტრუქტურული პროექტები და რაც მთავარია, ეს არის თანამშრომლობა ახალი ტექნოლოგიების ათვისების თვალსაზრისით. მათ შორის არის ისეთი პანელები, როგორიც არის ელექტრონული ვაჭრობა და ა.შ. ვფიქრობ, შედგება ძალიან საინტერესო, ძალიან შინაარსიანი საუბარი“, – აღნიშნა დავით აფციაურმა.

თბილისი აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმის მასპინძელია. ბიზნესფორუმს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დღეს, 10:00 საათზე პრემიერ-მინისტრი საზეიმოდ გახსნის. გიორგი გახარია მისასალმებელი სიტყვით გამოვა სადისკუსიო პანელზე სახელწოდებით „მაღალი დონის დიალოგი საერთო მომავლისათვის”.

აბრეშუმის გზის ფორუმი წელს უპრეცედენტოდ წარმომადგენლობითია. ღონისძიებაში 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. სტუმრებს შორის არიან მეზობელი ქვეყნების ვიცე-პრემიერები და მინისტრები, ევროკავშირისა და ჩინეთის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები.

თბილისის აბრეშუმის გზის ორდღიანია და 23 ოქტომბერს დასრულდება.