ტრაპიზონში, პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა
ტრაპიზონში, პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
ობიექტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე არსინის რაიონის პოლიციის განყოფილების ეზოში დაეცა. დაზიანდა ეზოში გაჩერებული ავტომობილები, ასევე ჩაიმსხვრა პოლიციის შენობისა და მიმდებარე დაწესებულებების ფანჯრები. დრონის ჩამოვარდნის მომენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
სამართალდამცველებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს, ხოლო კრიმინალისტებმა და გამნაღმველებმა ნამსხვრევები შეისწავლეს.
ინციდენტის ადგილზე მისულმა ტრაპიზონის გუბერნატორმა, ტაჰირ შაჰინმა განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ჩამოვარდნილი ობიექტი უპილოტო საფრენი აპარატია, თუმცა მისი ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. შაჰინის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, საიდან გამოჩნდა ობიექტი და რატომ ჩამოვარდა.
ინციდენტს წინ უძღოდა თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დრონებთან დაკავშირებული არაერთი განგაში. როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ტრაპიზონში აღმოჩენილ ობიექტს რუსეთ-უკრაინის ომთან რაიმე კავშირი აქვს.