ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს - ნინო ბაგაშვილი, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს კი მარიამ კვერნაძე უხელმძღვანელებს
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვიქტორ წილოსანს ნინო ბაგაშვილი შეცვლის, ხოლო მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძეს მარიამ კვერნაძე ჩაანაცვლებს.
„მინდა, გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები, რომლებმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ყველაფერი დაფუძნებული იყო სიცრუეზე. ბევრი არასწორი ინფორმაცია და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინეთ იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც დაკავებული არიან სიცრუის პროპაგანდით. რაც შეეხება რეალობას, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ წილოსანი, რომელმაც ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში. მისი მართვის პერიოდში მოხერხდა ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სიახლის დანერგვა. ჩვენ ერთად დავიწყეთ იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ერთად მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ევროპული, მოწესრიგებული და გამართული. ვიქტორ წილოსანის როლი ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი იყო. მისი საქმიანობა ნაყოფიერი და სასარგებლო გახლდათ თბილისისთვის. ის კერძო სექტორში აპირებს გადასვლას. მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე წარმატებები უსურვა ნინო ბაგაშვილს, რომელიც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უხელმძღვანელებს.
„ნინო განათლებით არის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. მას განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. აქვს მერიის სისტემაში მუშაობის კარგი გამოცდილება, განსაკუთრებით ტრანსპორტის მიმართულებით. ცხადია, სააგენტო ახალი ხელმძღვანელის პირობებში გააგრძელებს იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში დაინერგა და მინდა, ამ პროცესში მას წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძის ყოფნისას სააგენტომ წარმატებით იმუშავა პრობლემების მოგვარებაზე.
„მისი მართვის პირობებში სააგენტომ წარმატებით იმუშავა წლობით გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებაზე. მათ შორისაა საცხოვრებლების დაკანონების პროექტი, ასევე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების საკითხი. პრაქტიკულად, ბოლოშია გასული ორივე პროექტი. ასევე ირაკლის დამსახურებაა, რომ ათეულობით წლობით დაგროვებული პრობლემების გადაჭრა დავიწყეთ, უამრავი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ირაკლი თავართქილაძე მუნიციპალურ სერვისებში გააგრძელებს საქმიანობას და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მარიამ კვერნაძე აქამდეც მუშაობდა მერიის სხვადასხვა სამსახურში, ბოლო წლებში კი – ქონების მართვის სააგენტოში, და პირადად იყო ჩართული პროექტების ეფექტიან განხორციელებაში.
„მარიამი პროფესიით იურისტია, სამართლის მაგისტრი. მიღებული აქვს დასავლური განათლება. ის აქამდეც მუშაობდა მერიის სხვადასხვა სამსახურში, ბოლო წლებში კი – ქონების მართვის სააგენტოში. მისთვის არათუ კარგად ნაცნობია თითოეული ხსენებული პროექტი, არამედ პირადად იყო ჩართული მათ ეფექტიან განხორციელებაში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.