ტრანსგენდერ ქალთა თემის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდში“ მონაწილეობას არ მიიღებენ
ტრანსგენდერ ქალთა თემის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდში“ მონაწილეობას არ მიიღებენ

თბილისში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები წელს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარშს არ უერთდებიან.

ტრანსგენდერი ქალების თემის სახელით განცხადება გაბრიელა როსკიპოვამ გააკეთა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა და მათზე გახშირებული თავდასხმების გამოძიება ითხოვა.

„მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ ივნისის თვეში ჩვენზე გახშირებული თავდასხმების გამო დაუყონებლივ მიიღოთ ზომები, ჩვენს დასაცავად, რათა შევძლოთ მშვიდ გარემოში არსებობა. სექს სამუშაოში ჩართულ ტრანსგენდერ ქალებს გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის. არათუ ჩვენი უფლებების დაცვა, ჩვენი არსებობაც კი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ყოველდღიურად ვინიღბებით და ვიმალებით, რადგან ჩვენი სიცოცხლე გამუდმებით საფრთხის ქვეშა არის“, – აცხადებს გაბრიელა როსკიპოვამ.

მისი თქმით, ტრანსფობიურ ნიადაგზე მათი ბევრი მეგობარი მოკლეს, გარდა ამისა, მათ არ ეძლევათ საშუალება დასაქმდნენ იმ ტრანსგენდერ ქალებსაც კი, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული.

ტრანსგენდერი ქალი აცხადებს, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ მაისის თვეში ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმები განსაკუთრებით ხშირდება ხოლმე. მისივე თქმით, წელს პრაიდის დაანონსების შემდეგ თავდასხმებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, მათ შორის იყო თავდასხმა და მუქარა პოლიციის თანამშრომლის მხრიდანაც.

გაბრიელა როსკიპოვას განცხადებით, ისინი ლგბტქ თემის უფლებებისთვის მუდმივად იბრძვიან, თუმცა პრაიდში მონაწილეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად მიიღეს.