ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა მეგობრების დაკავებას აპროტესტებს
თბილისში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა აცხადებს, რომ 18 იანვარს პოლიციამ მისი მეგობრები უსამართლოდ დააკავა.
კერძოდ, გაბრიელას თქმით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერმა ქალებმა პოლიცია დასახმარებლად გამოიძახეს, თუმცა დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, სამართალდამცველებმა ისინი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.
გაბრიელა ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ მის მეგობრებს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გასათბობად შეშა მიუტანა, რა დროსაც მოზარდების ჯგუფმა ქვების სროლა დაიწყო.
გაბრიელა განმარტავს, რომ ადგილზე მისული პოლიციელები ტრანსგენდერი ქალების მიმართ პროვოკაციულად საუბრობდნენ, რამაც ტრანსგენდერების გაღიზიანება გამოიწვია.
გაბრიელას თქმით, ეს ყველაფერი მისი რამდენიმე მეგობარის დაკავებით დასრულდა.
„ძალიან გახშირდა პოლიციის მხრიდან მსგავსი ქმედებები. იმის მაგივრად რომ დახმარება აღმოგიჩინონ, პირიქით, აქეთ ცდილობენ, პროვოცირება გაგიკეთონ და შემდეგ დაგაკავონ დაუმორჩილებლობაზე“,- ამბობს ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა.
ამასთან, გაბრიელა აღნიშნავს, რომ მისი მეგობარი ქალები მამაკაცმა პოლიციელებმა გაჩხრიკეს, რაც შეურაცხმყოფელი იყო.
დაკავებული ტრანსგენდერი ქალების მოსანახულებლად წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა.
მათ ბრალი ადმინისტრაცოულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვთ წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დაკავეულების პროცესი 27 იანვრამდე გადაიდო.
რაც შეეხება ნატა ფერაძეს, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ფერაძე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით იყო დაკავებული.