ტრანსფერი | თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსში“ დაბრუნდა #1TVSPORT
ტრანსფერი | თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსში“ დაბრუნდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას კვლავ იტალიაში განაგრძობს – მან ბოლონიის „ვირტუსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსში“ 2022 წლის თებერვალში გადავიდა და გუნდთან ერთად ევროთასი მოიგო, რამაც მომდევნო სეზონზე ევროლიგის საგზური მოუტანა.

„ამ წელს გუნდი მაღალ მიზნებს ისახავს როგორც ევროლიგაზე, ასევე იტალიის ჩემპიონატში. შესაბამისად, თორნიკე შენგელიას დამატება გუნდისთვის დიდი შენაძენია“, – წერია „ვირტუსის“ ოფიციალურ საიტზე.

თორნიკემ 24 აგვისტოს საქართველო-ნიდერლანდების მატჩისას მხარი დაიზიანა, რის გამოც ევრობასკეტი გამოტოვა. ექიმების გადაწყვეტილებით ოპერაცია გამოირიცხა და მკურნალობა კონსერვაციული მეთოდით მიმდინარეობს. როდის დაუბრუნდება შენგელია მოედანს ჯერ უცნობია, თუმცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა იმედი გამოთქვა, რომ ნოემბერში დაგეგმილი სანაკრებო მატჩებისას კაპიტანი გუნდს დაეხმარება.