გიორბელიძე დრეზდენის „დინამომ“ წარადგინა - ქართველი მცველი 2 ნომრით ითამაშებს #1TVSPORT
გიორბელიძე დრეზდენის „დინამომ“ წარადგინა - ქართველი მცველი 2 ნომრით ითამაშებს #1TVSPORT

გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დრეზდენის „დინამოში“ გააგრძელებს – ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა წერილით დაადასტურა.

„დრეზდენის „დინამომ“ კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გურამ გიორბელიძესთან, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა. 25 წლის მარცხენა მცველი დრეზდენში იჯარით 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს და მეორე ბუნდესლიგის „დინამოს“ 2 ნომრის მაისურს ჩაიცვამს“, – წერს გერმანული საიტი.

კონტრაქტის გაფორმებამდე გურამ გიორბელიძემ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება დრეზდენის კარლ გუსტავ კარუსის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში და მთავარი მწვრთნელის ალექსანდრე შმიდტის ხელმძღვანელობით გუნდთან ერთად პირველად ოთხშაბათს ივარჯიშებს.

გიორბელიძე დაიბადა 1996 წლის 25 თებერვალს, ბოლნისში, სადაც ფეხბურთის თამაში დაიწყო თავისი მშობლიური „სიონის“ ახალგაზრდულ გუნდში. 2014 წელს სწორედ იქ დააწინაურეს პროფესიონალებში.

ოთხნახევარი წლის შემდეგ, 2019 წლის დასაწყისში მარცხენა მცველი შეუერთდა გორის „დილას“, 2020 წლის ზაფხულში კი ავსტრიის ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერში“ გადავიდა, რომლის ფორმითაც 23 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, ევროპალიგაზე და ავსტრიის თასზე.

25 წლის ფეხბურთელიმა ექვსჯერ ითამაშა 21-წლამდელთა ნაკრებში. ეროვნულ გუნდში დებიუტი 2021 წლის მარტში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის ვილი სინიოლის ხელმძღვანელობით ჰქონდა, სადაც მან ოთხჯერ ითამაშა.