ტრამპის ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში დონალდ ტრამპის ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. საერთო ჯამში, 630 საპროტესტო აქცია და ღონისძიებაა დაგეგმილი.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ლოს ანჯელესში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციაა დაგეგმილი, რაც კი აქამდე ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩეროს მკაცრი ზომების გატარება არალეგალი მიგრანტების მიმართ.
აქციები დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ორი დღის წინ აღნიშნა, რომ ქვეყნის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, მიგრანტებს შვილებთან ერთად დააკავებენ. ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია უფლებადამცველებში. მათი არგუმენტით, ფედერალურ ციხეში არასრულწლოვანის მოხვედრა სრულწლოვნებთან ერთად დაუშვებელია.
დონალდ ტრამპისა და გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსის მიერ გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ ფარგლებში, 5 მაისიდან 20 ივნისამდე მექსიკისა და ტეხასის შტატის საზღვარზე 1700 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათი თანმხლები ბავშვები კი სპეციალურ თავშესაფარში მოათავსეს.
მშობლებისგან 2300-მდე ბავშვის განცალკევებამ დიდი ვნებთაღელვა გამოიწვია. დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები. ერთ-ერთი აქცია კონგრესის შენობის ჰოლშიც გაიმართა. საზოგადოების ზეწოლის შედეგად ტრამპმა „ოჯახების განცალკევების“ პოლიტიკის დასრულების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, თუმცა თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება.