ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო დაამარცხონ
ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო დაამარცხონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მის დამარცხებამდე იბრძოლონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება კრემლმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე შეხვდა და მცირე ხნით საუბარი შეძლო. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტები მოუწოდებენ ყველა მხარეს, მონაწილეობა მიიღონ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

BBC-ის ცნობით, საერთაშორისო სამიტზე, 24 საათის განმავლობაში, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შემთხვევით სულ სამჯერ შეხვდნენ. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ სამიტის დროს, პუტინმა და ტრამპმა გვერდიგვერდ ფოტო გადაიღეს. პრეზიდენტები ლურჯ პიჯაკებში იყვნენ გამოწყობილი. როდესაც მსოფლიო ლიდერები მოლაპარაკებების მაგიდასთან სხდებოდნენ, აშშ-სა და რუსეთის პირველმა პირებმა ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს, ხოლო, მოგვიანებით, „ოჯახური ფოტოს“ გადაღებამდე მცირე ხნით ისაუბრეს.

აზია-წყნარი ოკეანის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრის დიდი მოლოდინი იყო, თუმცა ასეთი შეხვედრა არ შედგა.

პუტინი და ტრამპი პირველად 2017 წლის ივლისში, „დიდი რვიანის“ სამიტზე, გერმანიაში, ჰამბურგში შეხვდნენ ერთმანეთს.