ტრამპი - ჩვენთვის მუცლადმყოფი ბავშვების სიცოცხლე ძვირფასია და მათთვის ვიბრძვით
ტრამპი - ჩვენთვის მუცლადმყოფი ბავშვების სიცოცხლე ძვირფასია და მათთვის ვიბრძვით

ვაშინგტონში აბორტების საწინააღმდეგო ყოველწლიური მარში „სიცოცხლის მანიფესტაცია“ გაიმართა.

ათიათასობით ადამიანი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას აპროტესტებდა.

სენატის წინ შეკრებილ აქტივისტებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეხიდის საშუალებით სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მუცლადმყოფი ბავშვების სიცოცხლე ფასობს.

ტრამპმა „სიცოცხლის მარშის“ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ბავშვებისა და სიცოცხლის დაცვისთვის.

„მადლობა თქვენ, რომ იცავთ სიცოცხლეს, იცავთ ბავშვებს, რომლებსაც სიცოცხლე სურთ და ჯერ არ დაბადებულან. ეს არის ჩვენი, ამერიკელი ხალხის მთავარი ღირსება – სუსტების დაცვა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახეთ ყველას, რომ მუცლადმყოფი ბავშვების სიცოცხლე ძვირფასია და მათთვის ვიბრძვით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აბორტის საწინააღმდეგო გზავნილები ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.

ტრამპი მთავარ მეტოქეს, ჰილარი კლინტონს ხშირად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ დემოკრატი კანდიდატი აბორტის აკრძალვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

ტრამპმა ვაშინგტონის ცენტრში თავმოყრილ ადამიანებს პირობა მისცა, რომ მისი ადმინისტრაციის პერიოდში აბორტების მოწინააღმდეგეებს მისგან მხარდაჭერა ექნებათ.

აბორტების საწინააღმდეგო მარში ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას კანონი აღარ კრძალავს.