ტრამპი - აშშ-ი საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას დატოვებს
ტრამპი - აშშ-ი საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას დატოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ი საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას დატოვებს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ნევადაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა. მისივე თქმით, რუსეთი ამ ხელშეკრულებას უკვე დიდი ხანია, არ ასრულებს.

„ჩვენ ამ იარაღის შექმნა მოგვიწევს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

საქმე ეხება 1987 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მხარეები, 500-5500 კმ-მდე დისტანციაზე მოქმედი ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულებას რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმების საფუძველზე 2700-ზე მეტი რაკეტის განადგურება მოხერხდა.

როგორც Fox News-თან ინტერვიუში ტრამპი განმარტავს, რუსეთი საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას ჯერ კიდევ ობამას პრეზიდენტობის პერიოდიდან არ ასრულებდა.

„წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ არ აწარმოებდა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ობამა ან რატომ არ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს უფლებას, შეთანხმება დაარღვიოს. რუსეთი შეთანხმებას არღვევდა, ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენ მისი შეწყვეტა და შეთანხმებიდან გასვლა მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, საერთაშორისო მედია იუწყებოდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დატოვებას გეგმავს.

ზოგიერთი გამოცემის ცნობით, ამ ინიციატივის მხარდამჭერი აშშ-ის მრჩეველი ჯონ ბოლტონია, რომელიც შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მოსკოვში ვიზიტისას განაცხადებს.

ჯინ ბოლტონი რუსეთში ვიზიტს 22-24 ოქტომბერს გეგმავს. ამის შემდეგ ის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.

მოსკოვი და ვაშინგტონი, 1987 წლის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს უკვე თითქმის ოთხი წელია, ადანაშაულებენ. ანალოგიური პრეტენზია აშშ-ს ჩინეთთანაც აქვს.

ექსპერტების განმარტებით, თუ აშშ-ი საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას ექვსი თვე დასჭირდება.