ტრაე იანგის ბაზერით „ატლანტამ“ „ნიუ იორკი“ სტუმრად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ტრეი იანგის მიერ სირენამდე 0.9 წამით ადრე ჩაგდებულმა ბურთმა „ატლანტას“ გასვლითი გამარჯვება მოუტანა „ნიუ იორკთან“ სერიის პირველ მატჩში – 107:105. „ჰოქსმა“ 2017 წლის შემდეგ პირველად მოიგო პლეი ოფის მატჩი, „ნიუ იორკი“ კი რვაწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად თამაშობდა პლეი ოფში.
„ატლანტას“ ლიდერს იანგს სამი შედეგიანი გადაცემა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, „ნიუ იორკის“ ლიდერს ჯულიუს რენდლს კი სროლები არ წაუვიდა და 23-დან მხოლოდ ექვსი ტყორცნა მოათავსა კალათში, არადა, რეგულარულისას, მას ორი 40-ქულიანი მატჩი ჰქონდა „ჰოქსის“ წინააღმდეგ.
მეოთხე მეოთხედში არც ერთი გუნდი ექვს ქულაზე მეტoთ წინ არ გასულა. 9.8 წამით ადრე დერიკ როუზმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ იანგის ბაზერ-ბიტერმა „ატლანტას“ ოვერტაიმის თამაში ააცილა თავიდან.
ნიუ იორკი-ატლანტა 105:107 (16:24, 34:28, 23:19, 32:36)
ნ-ი: რენდლი (15+12 მოხსნა), ბარეტი (14+11 მოხსნა), ბულოკი (6), ნოელი (6), პეიტონი (0) – სასტარტო; ბერქსი (27), როუზი (17), კუიკლი (10), ტოპინი (5), გიბსონი (5+9 მოხსნა), ნტილიკინა (0).
ა: იანგი (32+7 მოხსნა+10 პასი), ბოგდან ბოგდანოვიჩი (18), კოლინზი (12+7 მოხსნა), კაპელა (9+13 მოხსნა), ჰანტერი (5) – სასტარტო; უილიამსი (13), ჰუერტერი (8), გალინარი (7), სნელი (3), ოკონგვუ (0).
სერია: 0-1