თქვენ მიმართ მოწიწებას, მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ - საქართველოს პრეზიდენტის წერილი და მედიკამენტების შესაძენი 100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი ვეტერანებს
თქვენ მიმართ მოწიწებას, მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ - საქართველოს პრეზიდენტის წერილი და მედიკამენტების შესაძენი 100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი ვეტერანებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მისალოც წერილთან ერთად ვეტერანები პრეზიდენტისგან საჩუქრად მედიკამენტების შესაძენ 100 ლარიან სააფთიაქო ვაუჩერებს მიიღებენ.

„დიდი პატივისცემით გილოცავთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს! იმ ომში, კაცობრიობისთვის უპირველესი ღირებულების – მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა. პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი იმ გამარჯვებაში ძალიან დიდია. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა და ქედი მოვიხაროთ თქვენი გმირობის წინაშე.

ახლა მსოფლიო ისევ ებრძვის დაუნდობელ მტერს, რომელიც, ამჯერად, უხილავია. ასეთი გამოწვევა კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ახლა თქვენი შემდგომი თაობები ვიბრძვით მასთან გასამკლავებლად და მჯერა, რომ კვლავ გავიმარჯვებთ.

თქვენ მიმართ მოწიწებასა და მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ და გისურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობასა და მხნეობას!“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის მიწერილ წერილში.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან და ევროკავშირის იდეის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში – ევროკავშირს.

დატოვე კომენტარი