„ტოტენჰემში“ მამარდაშვილის ტრანსფერი რეალური იყო - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამ „ვალენსიას“ ხელმძღვანელები დაამშვიდა #1TVSPORT
სატრანსფერო „ფანჯარა“ რომ დაიხურა, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ დარჩა, რამაც გუნდის ხელმძღვანელობა და მწვრთნელი დაამშვიდა – ამის შესახებ წერილს ესპანური გამოცემა Golsmedia აქვეყნებს.
„სატრანსფერო „ბაზრის“ ბოლო დღეებში „ვალენსიაში“ შფოთავდნენ – იყო ინფორმაცია, რომ მათი ერთ-ერთი დასაყრდენი, ქართველი გიორგი მამარდაშვილი მიიღებდა ისეთ შემოთავაზებას, რომელიც აიძულებდა კლუბი დაეტოვებინა. ეს გააჩენდა სიცარიელეს, რომელიც ტრანსფერების ბოლო საათებში რთული შესავსები იქნებოდა.
მეკარე გასულ სეზონში ესპანური ფეხბურთის და, შეიძლება ითქვას, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ სიურპრიზად იქცა, როცა „ვალენსიას“ შვილობილ გუნდში სათამაშოდ მოვიდა და საბოლოოდ, თასის ფინალისტის, „ვალენსიას“ ძირითადი მეკარე გახდა.
მისმა გამოსვლამ აიძულა „ვალენსია“ გადაეხადა 750 000 ევროზე ცოტა მეტი „დინამო თბილისისთვის“. შესყიდვა განხორციელდა 31 დეკემბერს, რომელიც მოიცავდა ფეხბურთელის კონტრაქტს 2025 წლამდე – ასევე იყო ხელშეკრულების შეწყვეტის პუნქტით, რომელიც ყოველ სეზონზე გაიზრდება და თუ სატრანსფერო „ბაზრის“ დახურვამდე 20 მილიონი ევრო იყო, ახლა 25 მილიონია.
თუმცა, ეს კონტრაქტი მოძველებულია, რადგან მეკარე ამჟამად გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია. არადა, საქმე „ვალენსიას“ ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშეს ეხება. ამ მიზეზით, კლუბი დათანხმდა კონტრაქტის გახანგრძლივებას ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდით. კონტრაქტი 2027 წლამდე გახანგრძლივდა, ხოლო გამოსასყიდი თანხა კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში – 100 მილიონ ევრომდე. თუმცა, ეს ახალი შეთანხმება ქაღალდზე ვერ გადავიდა, რადგან „ვალენსის“ აგვისტოს დასაწყისში ფინანსური ფეირ-პლეის კუთხით პრობლემები ჰქონდა.
ქართველი ძალიან გაიზარდა და გახდა მეკარე, რომელიც უნდათ დიდ ევროპულ გუნდებს და „ვალენსიამ“ რაც შეიძლება მალე უნდა გააფორმოს კონტრაქტი, საკუთარი ინტერესი რომ დაიცვას. სატრანსფერო „ბაზარზე“ კი მოძრაობა იყო და მეკარემ ივლისის დასაწყისიდან იცოდა, რომ დაინტერესდნენ გუნდები, რომლებსაც შეეძლოთ „ვალენსიასთან“ შეთანხმებული ახალი კონტრაქტის პირობებზე სამმაგად მეტის გადახდა.
ამ მიზეზით, ახალი კონტრაქტი ჯერ არ არის გაფორმებული და, ფაქტობრივად, ორივე მხარე ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებებს შეთანხმების მისაღწევად. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ადრე მიღწეული კონტრაქტი აღარ არის ძალაში და ახალი ციფრები განიხილება.
როგორც Golsmedia-სთვის გახდა ცნობილი, მეკარისადმი დიდ ინტერესს ინგლისური „ტოტენჰემი” ინარჩუნებდა, მაგრამ ეს ჩანაფიქრი არ განხორციელებულა. ინგლისელებთან „ვალენსიამ“ ბაზრის ბოლო დღეებში ბრაიან ჰილზე შეთანხმება ვერ მოახერხა, მაგრამ ორი თვის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდათ. ამავე დროს, „ტოტენჰემი“ ეძებდა მეკარეს და ფაბიო პარატიჩის (კლუბის მენეჯერი) სიაში ქართველი ძალიან კარგი ალტერნატივა იყო. მოლაპარაკებას ხელმძღვანელობდა მოთამაშის აგენტი, შუამავალთან ერთად, რომელსაც ჰქონდა ოპერაციის ჩატარების უფლებამოსილება. თუმცა, ეს არ მოხდა, რადგან ინგლისელებმა ვერ შეძლეს იმ 20 მილიონი ევროს გადახდა, რომელიც მამარდაშვილს „ვალენსიას“ კონტრაქტისგან გაათავისუფლებდა.
„ვალენსიამ“ ბაზრის დახურვით ამოისუნთქა, მაგრამ ახლა უნდა იჩქაროს მეკარესთან განახლებული კონტრაქტის გაოფიციალურება და ამით დაიცვას თავი პრემიერლიგის გუნდის ინტერესებისგან. იმის გამო, რომ „ტოტენჰემი“ ძალიან ახლოს იყო მეკარის დამატებასთან. ინტერესი „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ გამოიჩინა. მეკარეების ბაზარს უკვე პრემიერლიგის რამდენიმე დიდი გუნდი ათვალიერებს, მამარდაშვილი კი სტილისა და ახალგაზრდული ასაკის გამო შესანიშნავი ვარიანტია“ – წერს ესპანური გამოცემა.