კრისტიან ერიქსენის „ინტერში“ გაშვების შემდეგ, „ტოტენჰემმა“ შეტევითი ხაზი ახალი გარემარბით შეავსო. ლონდონურმა კლუბმა „ეინდჰოვენიდან“ შეიძინა სტივენ ბერგვეინი.
ინგლისელებმა 22 წლის ნიდერლანდელში 32 მილიონი ევრო გადაიხადეს და ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, – იტყობინება „ფუტბოლ ინტერნაციონალი“ (Voetbal International).
„ყოველთვის მინდოდა ისეთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მეთამაშა, როგორიც არის მოურინიო. სწორედ ახლა მექნება ამის საშუალება. შესანიშნავია აქ ყოფნა. უბრალოდ, მიმოიხედეთ გარშემო. როცა FIFA20-ს ვთამაშობ, თითქმის ყოველთვის პრემიერლიგის გუნდს ვირჩევ. მოუთმენლად ველოდები ამ ბრწყინვალე ატმოსფეროში თამაშს“, – თქვა 22 წლის ბერგვეინმა.
2019-20 წლების სეზონში ნიდერლანდელმა 16 მატჩი ჩაატარა ერედივიზიონში, ხუთი გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი შეასრულა.