„ტოტენჰემი“ „მანჩესტერთან“ უხვგოლიან შეხვედრაში დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ჩამოშორდა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ლონდონის „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ამ შეხვედრას მოურინიოს გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან „დეზები“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვიან, მე-4 ადგილისთვის კი საკმაოდ დიდი კონკურენციაა. შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა უშუალო კონკურენტებმა, „ლივერპულმა“, „ვესტ ჰემმა“ და „ჩელსიმ“ თავიანთი მატჩები მოიგეს.
პირველ ტაიმში უპირატესობას არცერთი გუნდი არ ფლობდა. მატჩის 35-ე წუთზე საჯარიმოსთან ახლოს პოლ პოგბამ მიიღო ბურთი, რომელმაც კავანი მეკარე ერთი ერთზე გაიყვანა, ურუგვაელმა ფეხბურთელმა მომენტი ხელიდან არ გაუშვა, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო, რომელმაც გოლამდე ეპიზოდი შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ მაკტომინეიმ ამ ეპიზოდში სონის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია. „იუნაიტედი“ ამის შემდეგ ცუდად გამოიყურებოდა და ზუსტად 5 წუთში ლუკას მოურამ სონი ცარიელ კარებთან დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა 1:0.
მეორე ტაიმის 58-ე წუთზე სულშერის გუნდმა არაჩვეულებრივი კომბინაცია გაათამაშა, სადაც მთავარ როლში ფრედი იყო. ბრაზილიელმა კავანი ერთი ერთზე გაიყვანა, რომლის დარტყმულიც ლორისმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ფრედი აღმოჩნდა და ანგარიში გაათანაბრა 1:1. შემდეგ გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. 79-ე წუთზე კი მარჯვენა ფლანგზე ბრუნომ ფეხებს შორის გაუტარა ბურთი მცველს, რომელიც საჯარიმოში გრინვუდმა ჩააწოდა და თავით ნახტომში ეფექტური გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა, 96-ე წუთზე კი წერტილი მეისონ გრინვუდმა დასვა 1:3.
ამრიგად, ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში „ტოტენჰემი“ 50 ქულით მე7 ადგილს იკავებს, „მანჩესტერი“ კი 63 ქულით მე-2 ადგილზეა.