”ტორპედოს” გორის ”დილას” ერთ-ერთი ლიდერის დამატება სურს
”ტორპედოს” გორის ”დილას” ერთ-ერთი ლიდერის დამატება სურს

ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდის ხელმძღვანელობამ საჩემპიონო შემადგენლობის ბირთვის შენარჩუნება მოახერხა.

ქუთაისელთა შორის ახალწვეული ჯერ მხოლოდ ორია – შემტევი ნახევარმცველი მიხეილ სარდალიშვილი და მეკარე ტატო ხაინდრავა.

გუნდის პრესსამსახურმა დააანონსა, რომ 1-ელ თებერვალს, ქუთაისში “ტორპედო” პრეზენტაციას გეგმავს, სადაც ყველა სიახლე ერთიანად გაჟღერდება.

არსებული ინფორმაციით, ”ტორპედოში” თავდამსხმელი ევგენი ბოხაშვილი ისინჯება – უკრაინაში დაბადებული 25 წლის თავდამსხმელი დნეპროპეტროვსკის ”დნიპროს” გაზრდილია. ბოხაშვილს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, მაგრამ კარიერა ვერ აიწყო და მცირე ხნის წინ თბილისის ”დინამოში” ისინჯებოდა.

ქუთაისელებთან ემზადება გორის ”დილას” ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ წიქარიძეც, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. 25 წლის ნახევარმცველის საკითხი დღე-დღეზე გადაწყდება და დიდი ალბათობით, ”ტორპედოში” ჩაირიცხება.

27 იანვარს, 14:00 საათზე ქუთაისის ”ტორპედო” წყალტუბოს “სამგურალთან” პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს.