„ტორპედოს“ ჟესტი - საპატიო ტორპედოელებს მუდმივმოქმედი საშვები გადაეცათ #1TVSPORT 
„ტორპედოს“ ჟესტი - საპატიო ტორპედოელებს მუდმივმოქმედი საშვები გადაეცათ #1TVSPORT 

ქუთაისის „ტორპედომ“ გულშემატკივრებს სიურპრიზი გაუკეთა – კლუბის ხელმძღვანელობამ საპატიო ტორპედოელებს მუდმივმოქმედი საშვები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„კლუბი მადლობას უხდის ტორპედოს სტაჟიან და ერთგულ გულშემატკივარს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ქუთაისის „ტორპედო“ იმედს გამოთქვამს, რომ კლუბსა და ერთგულ ქომაგებს შორის არსებული ასეთი სახის თანამშრომლობა, საერთო საქმისთვის მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.

„იმ ხალხისთვის, ვინც მთელი ცხოვრება ქუთაისის „ტორპედოსთვის“ გაატარა, ეს საოცარი საჩუქარია. ქუთაისში გავიზარდე და მთელი ჩემი ბავშვობა სტადიონზე ვიპარებოდი, ახლა კი ოფიციალურად შემოვალ და მუდმივ ადგილზე დავჯდები. ამაზე სულ ვნატრობდი. მადლობა „ტორპედოს“. იმედია, გუნდი, რომელიც კრიზისს განიცდის, ცოტა ხანში მაღლა და მაღლა ივლის და მწვერვალებს დაიპრობს“, – ამბობს გუნდის გულშემატკივარი სულხან გოგელაშვილი.

მერაბ კვიცარიძე: „ბავშვობაში სულ „ტორპედოს“ ლოჟაში დაჯდომას ვნატრულობდი. ახლა ბედნიერი კაცი ვარ, რომ ამის უფლება მომეცა არა თანამდეობრივად, არამედ გუნდისადმი სიყვარულის გამო. ჩემთვის „ტორპედო“ საქართველოცაა, ქუთაისცაა, ოჯახიც და ყველაფერია“.

რობერტ გოლეთიანი: „ეს გუნდი ჩემი სულის ნაწილია. საათებს ვითვლიდი „ტორპედოს“ თამაშებამდე. ამიტომ ვცოცხლობ, ვსუნთქავ და ვცხოვრობ სპორტით და ფეხბურთით“.

გიორგი მჭედლიძე, „ტორპედოს“ გენერალური დირექტორი: „ეს ხალხი ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან ყურადღებას და დაფასებას. მათთვის ჩვენ დღეს გავაკეთეთ სუვენირები და თითოეულ მათგანს კლუბის სახელით მადლობას ვუხდით“.