„ტორპედოს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - გუნდს ლევან მჭედლიძის ძმა უხელმძღვანელებს #1TVSPORT
„ტორპედოს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - გუნდს ლევან მჭედლიძის ძმა უხელმძღვანელებს #1TVSPORT

აუქციონზე გაყიდვის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედოში“ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ ქუთაისის „ტორპედოს“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი მჭედლიძე იქნება. ქუთაისის „ტორპედოს“ შეძენის უმთავრესი მიზანი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ განცხადებით, როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობაა. საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება კი, სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება. სხვა სიახლეებს ეტაპობრივად გაეცნობით ჩვენი სოციალური ქსელის მეშვეობით“, – წერია ქუთაისური კლუბის განცხადებაში.

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის „ტორპედოს“ გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის გამარჯვების შედეგად გახდა. აუქციონში 507 ათასი ლარი გადაიხადეს.

გარიგების თანახმად, უნივერსიტეტმა საკუთარ თავზე აიღო კლუბის ყველა არსებული ვალდებულების გასტუმრება, ასევე – ქუთაისის „ტორპედოს“ ყოველწლიურად მინიმუმ ოთხი მილიონი ლარის ბიუჯეტით უზრუნველყოფა.

გიორგი მჭედლიძე 1984 წელსაა დაბადებული, იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ნახევარმცველი და ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ კარიერის გაგრძელება ტრავმის გამო ვერ მოახერხა. შემდეგ სამენეჯერო საქმიანობა დაიწყო. ის 1981 წლის თბილისის „დინამოს“ მეკარის, კარლო მჭედლიძის შვილი და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის ძმაა.