„ტორპედომ“ ვარჯიში განაახლა - მამასახლისი საჩხერიდან დაბრუნდა
„ტორპედომ“ ვარჯიში განაახლა - მამასახლისი საჩხერიდან დაბრუნდა

ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონისთვის მზადება განაახლა. გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა ვოვა ხაჩიძემ და მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ გუნდის წევრები საღორიას ბაზაზე შეკრიბეს.

ვარჯიშების განახლებამდე, გუნდის ყველა წევრს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა. ვარჯიშები, ისევე როგორც სხვა გუნდებში, ჯერ მხოლოდ რამდენიმეკაციანი ჯგუფებით მიმდინარეობს, გუნდური საწვრთნელი პროცესები კი ნებადართული არა არის.

ცნობილი გახდა, რომ გუნდს ოლეგ მამასახლისი დაუბრუნდა. 25 წლის ფეხბურთელი „ტორპედოს“ გაზრდილია და 2013–2018 წლებში გუნდის ფორმით 91 მატჩი (10 გოლი) ჩაატარა. 2018-19 წლებში „სამტრედიაში“ (12 მატჩი, 3 გოლი) გამოდიოდა, ხოლო ბოლო ორი წელი საჩხერის „ჩიხურას“ ღირსებას იცავდა. მან საჩხერულ კლუბში ეროვნულ ლიგაში წელს გამართულ ორივე შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ გუნდი პანდემიის შემდეგ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მამასახლისი ვლადიმირ ვაისმა 2017 წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვია და იორდანიასთან და უზბეკეთთან ამხანაგური მატჩები ათამაშა.