„ტორპედომ“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი დაიმატა #1TVSPORT
დავით ბუკია ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
20 წლის მცველმა, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. ბუკია თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილია და „ტორპედოს“ დედაქალაქური კლუბიდან შეუერთდა.
ბუკიამ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ხუთივე მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მას „ლოკომოტივის“ მაისურით 78 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.
ახალწვეული „ტორპედოსთან“ ერთად კვიპროსში გაემგზავრება და ახალი სეზონისთვის მოემზადება. ქუთაისელები შეკრებაზე რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომელთა განრიგი მალე გამოქვეყნდება.