„ტორპედომ“ სამი ახალწვეული წარადგინა
„ტორპედომ“ სამი ახალწვეული წარადგინა

ქუთაისის „ტორპედოში“ სამი ახალწვეული წარადგინეს და სამივე მათგანი ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეა.

პირველი მათგანი რუსეთის მოქალაქე ვახტანგ ნებიერიძეა. 19 წლის მარცხენა მცველმა ქუთაისურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნებიერიძე რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ქართველია, რომელიც 2016 წლიდან რუსეთის მეორე დივიზიონის „სტროგინოს“ ღირსებას იცავდა. „სტროგინოს“ შემადგენლობაში ნებიერიძემ 45 მატჩი ჩაატარა.

იანვრის დასაწყისიდან ნებიერიძე გუნდში სინჯებზე იმყოფებოდა. ის „ტორპედოს“ თურქულ შეკრებაზეც გაყვა, ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობდა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მასთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„დეკემბერში მითხრეს, რომ მქონდა შანსი, სინჯებზე ისეთი დიდი კლუბში მივსულიყავი, როგორიც ქუთაისის „ტორპედოა“. მთელი დეკემბერი ამისთვის ფიზიკური მომზადებისა და ამტანობის კუთხით ვემზადებოდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან გამოცდილი და დიდი მოთამაშეები არიან. მაგრამ პირველი შეკრების შემდეგ ყველაფერი გამიადვილდა“ – ამბობს ვახტანგ ნებიერიძე.

ქუთაისელთა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, „ტორპედოსთან“ პროფესიონალური კონტრაქტი კიდევ ორმა ახალგაზრდამ გააფორმა: 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა თამაზ შარვაშიძემ და 17 წლის მეკარემ, ლუკა მიქაიამ. შარვაშიძე „ტორპედოში“ 14 წლის ასაკიდანაა და ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა. მან კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება ლუკა მიქაიას, „ტორპედოსთან“ ხელშეკრულება ორი წლით გააფორმა.