„ტორპედომ“ „კოლხეთი“ იონსენის დუბლით დაამარცხა – ქუთაისელებმა მესამე ადგილზე აინაცვლეს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლა ბოლო წამებზე გატანილი გოლით მოიგო – 2:1.
„კოლხეთმა“ მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და არაფერი დაუთმო. ორი გოლი შესვენებამდე გავიდა. ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს – 28-ე წუთზე ფოთელების კარში დანიშნული პენალტი ბიორნ იონსენმა გოლად გარდასახა.
„კოლხეთმა“ წონასწორობა ორ წუთში აღადგინა. სტუმართა თავდამსხმელის, გიგი აბუაშვილის დარტყმული ბურთი „ტორპედოს“ მეკარე ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა.
იონსენს კიდევ ჰქონდა არაერთი საგოლე შანი, მაგრამ ვერ ისარგებლა. აბუაშვილსაც შეეძლო თავის გამოჩენა. 90-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ ძელს მოხვდა და „ტორპედო“ აშკარა გოლს გადაურჩა.
თამაშის გმირი საბა კვირკველია გახდა. 101-ე წუთზე მისი წაქცევისთვის სტუმართა კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ისევ იონსენმა შეასრულა და „ტორპედოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
16 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 27 ქულა დააგროვა, „დინამო თბილისის“ (26 ქულა) გადაასწრო და მესამე ადგილზე აინაცვლა. ფოთის „კოლხეთი“ (13 ქულა) კი მე-8 პოზიციაზე დარჩა.