„ტორპედომ“ კიდევ ორი ლეგიონერი დაიმატა
„ტორპედომ“ კიდევ ორი ლეგიონერი დაიმატა

მარეკ ჰლინკას შემდეგ, ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე გუნდის შემადგენლობაში ოლექსანდრ აზაცკი და ლაზარ მარინი ითამაშებენ.

24 წლის აზაცკი „ტორპედოში“ ოსტრავას „ბანიკიდან“ გადავიდა. ქუთაისელებმა უკრაინელი მცველი 6-თვიანი იჯარით დაიმატა და ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება მიიღეს. აზაცკი უკრაინულ „მეტალისტში“, კიევის „დინამოში“ და „ჩერნომორეცში“ თამაშობდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, დავით ხოჭოლავას მეწყვილე იყო. მას ქუთაისში ხვალ ელოდებიან.

„ტორპედო“ კიდევ ერთი ახალწვეული ლაზარ მარინია. 24 წლის ბულგარელმა მცველმა „ტორპედოსთან“ კონტრაქტი 2019 წლის აპრილის ბოლომდე გააფორმა. მარინს აქამდე მხოლოდ ბულგარეთის უმაღლესი ლიგის გუნდებში აქვს ნათამაშები – პლოვდივის „ბოტევში“, „რაკოვსკიში“, სოფიას ცსკა-ში. 2017 წელს მარინმა ბულგარეთის თასი მოიგო, 2018 წელს კი ქვეყნის სუპერთასის მფლობელი გახდა. ბოლოს „ბოტევში“ გამოდიოდა, სადაც 27 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.