„ტორპედომ“ ევროპალიგა მარცხით დაიწყო (ვიდეო)

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ გუნდს, შიმკენტის „ორდაბასის“ ესტუმრა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დამარცხდა.

„ტორპედოს“ სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ლიგაზე განახლებული გუნდი გაიყვანა – გუნდიდან წასული 12 მოთამაშის გარდა, ქუთაისელებს ტრავმირებული გრიგოლ დოლიძე და ბუდუ ზივზივაძე აკლდათ, ამიტომ წაგება მოულოდნელი არ ყოფილა. ქუთაისელები მეტოქეს წინააღმდეგობას მაქსიმალურად უწევდნენ, თუმცა მატჩის 67-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, ტოქტან ერლანოვმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

საბოლოოდ, შეხვედრა „ორდაბასის“ მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, რაც განმეორებით შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგ შანსს უტოვებს.

„ორდაბასისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ განმეორებითი შეხვედრა 18 ივლისს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

ყაზახეთიდან მატჩის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფდა.