„ტორპედომ“ ახალი სეზონისთვის მზადება ქობულეთში დაიწყო - ქუთაისელების მწვრთნელის ვინაობა ისევ უცნობია #1TVSPORT
„ტორპედომ“ ახალი სეზონისთვის მზადება ქობულეთში დაიწყო - ქუთაისელების მწვრთნელის ვინაობა ისევ უცნობია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. თუმცა გუნდი არა ქუთაისში, არამედ ქობულეთში ვარჯიშობს და მთავარი მწვრთნელის გარეშე ემზადება.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა სტივ კინმა პოსტი დეკემბერში დატოვა. მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა დასახელდა, გერმანელი დირკ შუსტერი ლამის დანიშნულად გამოცხადდა, მაგრამ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მთავარი მწვრთნელის ვინაობა კვლავ უცნობია.

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ სეზონის დაწყებამდე გუნდი ორ შეკრებას გაივლის – პირველ ეტაპს ქობულეთში ჩაატარებს, 10 თებერვალს კი ესპანეთში (მარბელა) გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს. დაგეგმილი ამხანაგური მატჩების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ქობულეთში გუნდთან ერთად ემზადებიან ახალწვეულები – 16 წლის მცველი გლიბ კატკოვი, 18 წლის მეკარე სოსო კოპალიანი, თავდამსხმელები, პაატა ღუდუშაური და ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, გიორგი კოხრეიძე, ასევე 24 წლის გერმანელი ნახევარმცველი მოჰამედ ჩერიფი.