„ტორპედო“ „ნოას“ საქართველო-სომხეთის მატჩამდე 5 საათით ადრე შეხვდება #1TVSPORT
20 მარტს სომხეთში არა მხოლოდ უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი გაიმართება. ამ დღეს ქუთაისის „ტორპედო“ სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად „ნოას“ დაუპირისპირდება.
ეს ის გუნდია, რომელმაც ამ სეზონში კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე გასვლა მოახერხა. მისი მთავარი მწვრთნელი კი რუი მოტაა, რომელიც მანამდე გორის „დილას“ ავარჯიშებდა. ამჟამად პორტუგალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი სომხეთის ჩემპიონატის ლიდერია.
გამოცემა „სპორტ არანის“ ცნობით, შეხვედრა 20 მარტს სომხეთის ქალაქ არმავირის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. 2024 წლის საქართველოს ვიცე-ჩემპიონისა და სომხეთის უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის ლიდერის ამხანაგური მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ეს სტადიონი ერევნიდან, სადაც სომხეთისა და საქართველოს ნაკრებები ითამაშებენ, 47 კილომეტრში მდებარეობს. სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კი ერევანში რესპუბლიკურ სტადიონზე – 21:00 საათზეა დაგეგმილი.